„ეროვნული ფორუმი“ საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით მიმართავს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, კახა შარტავამ განაცხადა.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ასეთი სოლიდარობა დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების მიმართ უმნიშვნელოვანესია.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ძალას და ორგანიზაციას, რომლებმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს, 5 უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმის ფაქტის მიმართ და მათი ოჯახების მიმართ, ძალიან მიხარია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ერთის გარდა, ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა. რაც შეიძლება პრეზიდენტისადმი მიმართვას შეწყალებაზე, ჩვენი პარტია ასეთ მიმართვას არ გეგმავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ხედვა და მათ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ. ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ადამიანების ბედით შეწუხებულია და ის საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
არსებობს მსჯავრდებულების შეწყალების ორი ვარიანტი. პირველი, როდესაც, შეწყალების მსურველები თვითონ მიმართავენ ადმინისტრაციას, რაც სამართლებრივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ხოლო მეორე ვარიანტის შესახებ ვკითხულობთ “საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუქნტში: “საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე”.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ერთადერთი, რაც მან ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა არის ის, რომ „პოლიტიკოსები მიმდინარე სასამართლო პროცესზე არ უნდა საუბრობდნენ“.