პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან არასაფრენი ზონის შექმნას გეგმავს, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება გამარტივდეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ სამინისტრო შესაბამისი მოთხოვნით მთავრობას მიმართავს. მისი თქმით, აკრძალული ზონა საზღვრიდან დაახლოებით ათიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე მანძილზე გავრცელდება.
ტომჩიკის განმარტებით, ზონაში უკრაინის მხრიდან შემოსული ობიექტის რადარით აღმოჩენა, მისი სიმაღლისა და სიჩქარის გათვალისწინებით, ჩამოგდების საფუძველი იქნება.
მისი თქმით, შესაბამისი რეგულაცია უკვე წარდგენილია და მას მომდევნო კვირებში განიხილავენ. ტომჩიკი იმედოვნებს, რომ აკრძალვა დეკემბრის ბოლომდე ან იანვრის დასაწყისში ამოქმედდება.
პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კვლავ დაუჭირა მხარი უკრაინის თავზე იმ რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების იდეას, რომლებიც პოლონეთისკენ მიემართებიან.
“ჩვენს საჰაერო სივრცესთან მოახლოებული რაკეტა ან დრონი უკვე პირდაპირ საფრთხეს გვიქმნის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უკრაინის თხოვნით მისი უკრაინის თავზე ჩამოგდება თავდაცვის განსაზღვრებაში მოექცეოდა.” – განაცხადა შიკორსკიმ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება NATO-სთან უნდა შეთანხმდეს. ტომჩიკის განცხადებითაც, ალიანსი ამ ეტაპზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდებას არ უჭერს მხარს.
“თუ უკრაინის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება გვინდა, ეს ყოველთვის მთელი NATO-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს.” – თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პოლონური მხარის განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც 20 ნოემბერს პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. 23 ნოემბერს კი უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი შეიჭრა და იქ რამდენიმე წუთი დარჩა. პოლონელ სამხედროებს მისთვის ცეცხლის გახსნის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, დრონი საზღვრისკენ გაბრუნდა და ის არ ჩამოუგდიათ.

