ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩაფრენა შესთავაზა. ლუკაშენკოს თქმით, თავად მისი უსაფრთხოების გარანტია იქნება.
“ვალოდია ზელენსკისთან ერთად შემეძლო დაჯდომა და მოსკოვში ჩაფრენა. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტია, შემეძლო მასთან ერთად ჩავმჯდარიყავი და მოსკოვში ჩავფრენილიყავით.” – თქვა ლუკაშენკომ ფრანგულ მედია Le Point-თან საუბარში.
ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ის, ზელენსკისა და პუტინთან ერთად, ომის დასრულებას უცებ შეძლებდა.
პასუხად ზელენსკიმ ლუკაშენკოს პუტინთან ერთად კიევში ჩაფრენა შესთავაზა.
“მას შეუძლია პუტინი წამოიყვანოს და პუტინთან ერთად კიევში ჩამოფრინდეს, მაშინ ჩვენ ასევე ნამდვილად ვაძლევთ მათ უსაფრთხო მიღების გარანტიას, კეთილი, ეს ხომ მოლაპარაკებებია.” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს სიტყვები არასერიოზულია.
“რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო არასერიოზულ რაღაცებს? ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, არ შეგვიძლია შეხვედრა მოსკოვში გავმართოთ, არ შეგვიძლია შეხვედრის კიევში გამართვა. ეს ყველას კარგად გვესმის. როცა ვიღაც ასე ლაპარაკობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია. ანუ ეს პიროვნება ომის დასრულებასთან არ გვაახლოებს.” – აღნიშნა ზელენსკიმ.

