საფრანგეთში სოციალური პროტესტი გრძელდება. მოსწავლეები და სტუდენტები სკოლების, ლიცეუმებისა და უნივერსიტეტების ბლოკირებას განაგრძობენ. აქციებს თან ახლავს შეტაკებები და ძალადობის შემთხვევები.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 98 მოსწავლე და განათლების სფეროს 30-მდე თანამშრომელი დაშავდა.
საპასუხოდ, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება. პოლიცია სასწავლო დაწესებულებებთან კონტროლს აძლიერებს, ატარებს შემოწმებებსა და ჩხრეკას. გრძელდება დაკავებებიც.
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
“პიროტექნიკის გამოყენება უკვე ავკრძალეთ. თუ მოსწავლეს სკოლაში პიროტექნიკა შეაქვს, ნიშნავს, რომ მან ის სახლიდან წამოიღო. მსგავსი შემთხვევების აღკვეთა ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ამ პროცესში საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვიდეოთამაში არ არის, ეს რეალური ცხოვრებაა და პიროტექნიკით ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი. სკოლებში უსაფრთხოების ზომებიც გავაძლიერეთ. ვამოწმებთ მოსწავლეების ჩანთებს. კონტროლი მნიშვნელოვნად გავამკაცრეთ, რათა დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – განაცხადა ედუარ ჟეფრემ.

