სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა სამშაბათს გამანადგურებლები ააფრინეს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ულლუნდოს მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (ADIZ) ხანმოკლე შესვლა გახდა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის წარმომადგენლის, ჩანგ დო-იონის განცხადებით, სამხედროები რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავს აკვირდებოდნენ, რომლებიც კუნძულ ულლუნდოს თავზე ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ.
“ვვარაუდობდით, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდებოდა, ამიტომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ გავეცით გაფრთხილება.” – განაცხადა ჩანგ დო-იონმა.
სამხედროების ცნობით, საბოლოოდ რუსულ თვითმფრინავებს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ჩუნ ბინას განცხადებით, უწყება სამშაბათს რუსეთის სამხედრო ატაშეს დაიბარებს და მომხდარის გამო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს. რუსეთის საელჩოს სეულში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა (ADIZ) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტერიტორიაა, რომლის მიზანიც იმ თვითმფრინავების იდენტიფიცირება და კონტროლია, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებიან.
რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბოლო თვეების განმავლობაში სამხრეთ კორეის ADIZ-ში რამდენჯერმე შევიდნენ. მოსკოვი ამ ზონის სტატუსს არ აღიარებს. თუმცა, კუნძულის მოსახლეობისთვის სამოქალაქო თავდაცვის გაფრთხილების გამოცემა და თავშესაფრებში გადასვლის მოწოდება იშვიათი შემთხვევაა.
სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტრომ, სამხედროებთან კოორდინაციით, კუნძულ ულლუნდოს მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. გაფრთხილება, რომელიც რუსული თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას უკავშირდებოდა, სამი წუთის შემდეგ გააუქმეს.
სამხედროების წარმომადგენლის თქმით, რუსული თვითმფრინავები კუნძულ ულლუნდოს თავზე არსებულ საჰაერო სივრცეს “ძალიან მიუახლოვდნენ”. შესაძლო ინციდენტის თავიდან ასაცილებლად სამხრეთ კორეის გამანადგურებლებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს.
ამასთან, რეგიონის პროვინციულმა ხელისუფლებამ ცალკე გაფრთხილება შეცდომით გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი თვითმფრინავი შევიდა. ეს შეტყობინებაც მოგვიანებით გააუქმეს.

