უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიბიის საპორტო ქალაქ ბენღაზის რაიონში რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებზე შეტევა მისი სპეცოპერაცია იყო.
ბენღაზის პორტის რაიონში აფეთქებების შესახებ 22 ნოემბერს დაწერეს ლიბიის მედიასაშუალებებმა.
იმავე დღეს ლიბიის არმიამ განაცხადა, რომ უეკიპაჟო კატერებით შეტევა იყო სატვირთო გემზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 23 ნოემბერს გამოაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“ და ბენღაზის პორტის მახლობლად დაარტყეს დასანქცირებულ სატვირთო გემს MV ANGARA, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა და რუსულ საბრძოლო გემს, კორვეტ „მერკურს“, რომელიც MV ANGARA-ს იცავდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების 7 უეკიპაჟო კატერი, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს მოწინააღმდეგის მიერ მათი განადგურების მცდელობის მიუხედავად. უკრაინის მონაცემებით, კორვეტი „მერკური“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში იყო, ჩაძირულია გემის ბორტზე მყოფი ვერტმფრენი კა-27-იც.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ აჩვენეს, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს და მის ლოგისტიკას არ აქვთ უსაფრთხო მარშრუტები შავი ზღვიდან შორ მანძილზეც კი.
უკრაინელ მეომრებს ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ „მერკური“ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი გემი იყო და რუსეთის არმიის შეიარაღებას დაემატა 2023 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიბიის ნაპირებთან სამხედრო გემის განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.

