აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირმა და ინდონეზიამ ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

ევროკავშირმა და ინდონეზიამ ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ინდონეზია ევროკავშირის პროდუქციაზე მოქმედი საბაჟო ტარიფების 98.5%-ს გააუქმებს. ინფორმაციას „ევრონიუსი” ავრცელებს.

ევროკომისიის განცხადებით, შეთანხმებები ორივე მხარის ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. კომისიის პროგნოზით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის ექსპორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში თითქმის 40%-ით გაიზრდება.

ევროკომისიის განმარტებით, შეთანხმება ევროკავშირის ექსპორტიორებს საბაჟო გადასახადების სახით ყოველწლიურად 600 მილიონ ევროზე მეტის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა მანქანა-დანადგარებისა და ავტომობილების წარმოება.

ევროკომისიის განცხადებით, შეთანხმება ინდონეზიაში ინვესტიციების ახალ შესაძლებლობებსაც შექმნის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრომობილები, ელექტრონიკა და ფარმაცევტული წარმოება.

შეთანხმებებს დასამტკიცებლად ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება, ხოლო ინდონეზიამ რატიფიცირების საკუთარი პროცედურები უნდა გაიაროს. დამტკიცების შემთხვევაში, შეთანხმებები შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდეს.

2025 წელს ევროკავშირსა და ინდონეზიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28.9 მილიარდი ევრო შეადგინა. აქედან ევროკავშირის ექსპორტის ღირებულება 10.2 მილიარდი ევრო იყო, ხოლო იმპორტის 18.7 მილიარდი ევრო.

ხელმოწერის ცერემონიამდე სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს დღე ევროკავშირისა და ინდონეზიისთვის „უმნიშვნელოვანესს დღედ“ შეაფასა.

იტვირთბა....