უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა ამერიკულ მხარეს გადასცა დასახლებული პუნქტების სია, სადაც ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებას სთავაზობს.
სიაში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების 15 დასახლებული პუნქტია, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული.
ჰუმანიტარული მისიების ორგანიზება ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის ანალოგიური ოპერაციის მოდელით იგეგმება.
„კიდევ ერთხელ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ აშშ-ის პირველ ლედის ოლეშკისთვის, ევაკუაციისთვის, ბლოკადის მოხსნისა და ჩვენი ხალხის, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან ერთად განვიხილეთ და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ დასახლებების სია. მასთან დეტალურად ვისაუბრეთ ამ ჰუმანიტარულ მისიებზე, იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომელთა ევაკუაციაც შეგვიძლია და იმ გეგმებსა და მექანიზმებზე, რომლებიც უკვე შემუშავებული გვაქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, სია განახლდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების შესაბამისად.
ცნობისთვის, ოლეშკში ჰუმანიტარული ოპერაცია აშშ-ის შუამავლობით ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა. ქალაქიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მათ, ვინც იქ დარჩენა ისურვა, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. მისიის მიმდინარეობისას რუსეთმა და უკრაინამ ოლეშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი შეწყვიტეს.

