ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის განკუთვნილ დაფინანსებაში 7 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი აქვთ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დაბომბვის კამპანიას აძლიერებს, კიევი კი საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს ითხოვს, – ამის შესახებ Politico წერს.
ივლისში ნატოს 32-მა წევრმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, უკრაინას 2026 წელს 70 მილიარდი ევროს, ხოლო 2027 წელს – ანალოგიური მოცულობის სამხედრო დახმარება უნდა გაეწიოს.
თუმცა, ალიანსის სამი დიპლომატის ინფორმაციით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, წელიწადის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები დროით ადრე ალიანსს დაახლოებით 7 მილიარდი ევროს დანაკლისი აქვს. Politico წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით წარმოიქმნა ეს დეფიციტი, თუმცა, სავარაუდოდ, ის შეაფერხებს უკრაინის შესაძლებლობას, შეიძინოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობა რუსული რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად მომავალ ზამთარში.
დაფინანსების დეფიციტი გამოიკვეთა ალიანსის 17 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელზეც ევროპის ქვეყნების დედაქალაქების წარმომადგენლები უკრაინის დაფინანსების გაზრდისა და მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების გაფართოების გზებს განიხილავენ.
დიპლომატების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაფინანსების ახალ ვალდებულებებს აიღებენ, თუმცა შესაძლებელია, მოკავშირეებმა მიმდინარე წლისთვის დასახული მიზნის შესრულება ვერ შეძლონ.
ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელიც ორგანიზაციის სახელით საუბრობდა, განაცხადა, რომ „მოკავშირეები კვლავაც უწევენ უკრაინას აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და „მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საჭირო მხარდაჭერა მიიღოს როგორც ახლა, ისე მომავალში“.
დასახული მიზანი ითვალისწინებს წლის განმავლობაში ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან 30 მილიარდ ევროს.

