აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“მაკრონის ადმინისტრაცია ყველას სძულს. როგორც ჩანს, მას უკვე აღარაფრის კონტროლი შეუძლია” – ჟან – ლუკ მელანშონი

ბრძოლას შედეგი მოაქვს – ორბანი დამარცხდა უნგრეთში, ვუჩიჩი სტუდენტებმა დაამარცხეს სერბეთში, ტრამპი დამარცხდა შეერთებულ შტატებში, ბოლსონარუ კი ბრაზილიაში, გაუმარჯოს ლულას! ახლა ჩვენი ჯერია, ისტორია შევცვალოთ, – ამის შესახებ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანების, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა.

„ძირს იმ ადამიანების დანებება, რომლებიც ბრძოლის დაწყებამდეც კი თავს დამარცხებულად მიიჩნევენ“, – აღნიშნა მელანშონმა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აღარ აქვს.

„მაკრონის ადმინისტრაცია ყველას სძულს. როგორც ჩანს, მას უკვე აღარაფრის კონტროლი შეუძლია, გარდა საეჭვო და წინასწარ პრობლემებისთვის განწირული საკადრო დანიშვნებისა. მას აღარავინ ემორჩილება და პატივს აღარავინ სცემს. მიმდინარე სოციალური მოძრაობა, ისევე, როგორც ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატურა, განსჯის ლიბერალურ-მაკრონისტულ რევოლუციას, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ღრმად დააზიანა და გაანადგურა“, – განაცხადა მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანების „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა.

ჟან-ლუკ მელანშონმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჟორდან ბარდელა და საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენიც გააკრიტიკა.

„რაც შეეხება მარინ ლე პენსა და ჟორდან ბარდელას, რასიზმის გარდა, მათ არანაირი იდეა არ გააჩნიათ. ისინი საფრანგეთში მცხოვრები ადამიანების სოციალური უფლებების ყველაზე დაუძინებელ მოწინააღმდეგეებად იქცნენ“, – აღნიშნა მელანშონმა.

მისი თქმით, რიგითი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„დღეს, მაგალითად, თუ ვინმეს მართლაც აინტერესებს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობა, აუცილებელია ფასების დაუყოვნებლივ გაყინვა, მინიმალური ხელფასის გაზრდა, ხელფასების ინფლაციის შესაბამისად ინდექსაცია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე ხელმისაწვდომობის აღდგენა“, – აღნიშნა მელანშონმა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტში ერთ-ერთ მებრძოლ მხარედ ჩაერთვება, ერთი დარტყმაც კი შესაძლოა საფრანგეთის განადგურების მიზეზი გახდეს.

„ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ასეთ საკითხებს დაუფიქრებლად ვერ მოვეკიდებით. ამიტომ, ჩვენ არაფერი გვესაქმება არც ნატო-ში და არც ამერიკულ ომებში“, – განაცხადა ჟან-ლუკ მელანშონმა.

მელანშონი სახიფათოდ მიიჩნევს მაკრონის პროგრამასაც, რომელიც საფრანგეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს.

„ეს სახიფათოა, წარმოუდგენლად ძვირი ჯდება და აზარტულ თამაშს ჰგავს – ჩვენი მომავლის ისეთ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, რომელთა რეალური მუშაობის უნარი ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის“, – განაცხადა „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა.

იტვირთბა....