სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ „სოციალ-დემოკრატიული სკოლის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„როდესაც სლოვაკეთი 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა, ქვეყანაში დიდი ენთუზიაზმი იყო. ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ, რომელიც რომ არ გაყალბებულიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს უნდა ითქვას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, „შესაძლოა, აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად, შედეგების შესწორება მოხდა“.
„რეფერენდუმის შედეგი იმდენად ახლოს იყო, რომ, ჩემი აზრით, გარკვეული შესწორება შეიტანეს, რათა შედეგი ისეთი ყოფილიყო, როგორიც საჭირო იყო, რათა სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მიეღო“, – აღნიშნა ფიცომ.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი სლოვაკეთში 2003 წელს ჩატარდა. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 93.7%-მა დაუჭირა. ამომრჩეველთა აქტივობა კი – 52.12% იყო. აღნიშნული რეფერენდუმი სლოვაკეთის ისტორიაში ერთადერთია, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-იან ზღვარს გადააჭარბა.

