აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, დემოკრატებმა ქვეყნის სხვადასხვა შტატში ამომრჩევლებს მოუსმინეს და გაიგეს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები საცხოვრებელი ხარჯების გაძვირება, ქაოსი და კორუფციაა.
„ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ, დემოკრატებმა, სენატში გავიმარჯვეთ. ამერიკელ ხალხს მივმართავთ: შვება ახლოსაა“, – განაცხადა შუმერმა.
ამასთან, შუმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც მას მხარი დაუჭირეს.
„რესპუბლიკელებმა არჩევანი გააკეთეს და ტრამპს უფსკრულისკენ გაჰყვნენ“, – განაცხადა შუმერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ტრამპი ზოგჯერ ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომლებიც აბსურდული იყო და ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომლებმაც მოქალაქეების ხარჯები გაზარდა. შუმერის განცხადებით, ამის გამო რესპუბლიკელებმა ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაკარგეს.
„ამერიკელებმა ცვლილებებს დაუჭირეს მხარი და ახლა დემოკრატებმა მათი მოლოდინები უნდა გაამართლონ“, – აღნიშნა შუმერმა.

