თურქეთი ბაქოსთან დაძაბულობის ფონზე სომხეთთან საზღვარს არ გახსნის, – ამის შესახებ თურქული მედიასაშუალების, T24-ის მიმომხილველი ბარჩინ იინანჩი სტატიაში წერს.
მისივე თქმით, ანკარასა და ბაქოს შორის დაძაბულობის ესკალაციის დინამიკის გასაგებად, უნდა დავუბრუნდეთ 2009 წელს, როდესაც თურქეთმა, ბაქოს ზეწოლის ქვეშ, სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზება ჩაშალა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წელს სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების წარმატებით ჩაშლის შემდეგ, აზერბაიჯანმა თურქეთში გავლენის მოპოვება დაიწყო და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი უცხოელი ინვესტორი გახდა. ამასთან, T24 წერს, რომ ამჟამად აზერბაიჯანს თურქეთში ძლიერი ლობი ჰყავს.
იინანჩი წერს, რომ თურქეთმა უნდა გააცნობიეროს, 2020 წლის ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ, აზერბაიჯანი აღარ არის თურქეთის „პატარა ძმა“, არამედ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მოთამაშე. სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დაძაბულობის ფონზე, თურქეთი არ აპირებს სომხეთთან საზღვრის გახსნას, რადგან ეს კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას ბაქოსთან, აიძულებს აზერბაიჯანს გაამკაცროს პოზიცია სომხეთის მიმართ და გადადოს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები.
იინანჩი სტატიაში წერს, რომ რაც უფრო მეტად უკან იხევს ანკარა, ალიევი სიტუაციას მით უფრო ამწვავებს.
„საგარეო პოლიტიკის გადახედვის პროცესში, აზერბაიჯანი აახლებს საფრთხეების აღქმას და უცხოელი აქტორის ახალ როლს იძენს. ამ კონტექსტში, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა ვითარდება ცალმხრივი ბალანსის პოლიტიკიდან, რომელსაც ის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა, მრავალგანზომილებიან მიდგომაზე, რომელიც ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას, ითვალისწინებს მის მრავალფეროვან იდენტობას, პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ ინტერესებს და არის თავდაჯერებული“, – ნათქვამია სტატიაში.

