ახალი ამბები მსოფლიო

გერმანიასა და დანიაში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს

გერმანიის მასშტაბით 450-ზე მეტმა სკოლამ ბომბის აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით მიიღო. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის პოლიციაში დაადასტურეს, რომ სკოლებმა აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასაგენად, თუ ვინ გაუგზავნა წერილები სასწავლო დაწესებულებებს. პოლიციის ინფორმაციით, ყველა შეტყობინებას იდენტური ტექსტი და სათაური ჰქონდა – „სიკვდილი გელოდება“.

მსგავსი სათაურით, მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები დანიის რამდენიმე სკოლამაც მიიღო. როგორც დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპატრულო ჯგუფები გაგზავნეს. დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთ სკოლაში გაგზავნილი წერილის შინაარსსაც გაეცნო.

შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და მისი ამოქმედება ერთ საათში იგეგმებოდა. წერილის ავტორები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში ბომბი უკვე ააფეთქეს და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დანიის პოლიცია სკოლებს ურჩევს, საეჭვო პირების ან ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს იტალიაში სულ მცირე 3 700-მა სკოლამ ბომბის აფეთქების შესახებ ცრუ შეტყობინებები მიიღო.16 ნოემბერს იტალიის სულ მცირე 100-მა სკოლამ კვლავ მიიღო მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები. მომხდარის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი ამოქმედდა. მოგვიანებით, იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის მიზნით 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.

იტვირთბა....