ახალი ამბები მსოფლიო

 “ევროპასთან ომს არ ვგეგმავთ, თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება” – სერგეი ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა და არ ვგეგმავთ არანაირი სახის ომს ევროპასთან, მაგრამ თუ ევროპა, როგორც ის გვემუქრება, ომისთვის მოემზადება და მას დაიწყებს, მაშინ მზად ვართ ამ ომისთვის, მაგრამ ის განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“, – განაცხადა ლავროვმა ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე მინსკის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე.

მისი მტკიცებით, ევროპას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებით და „სტაბილიზაციის ძალების“ განლაგებით, ნაცისტური რეჟიმის სტაბილიზაცია სურს.

„როდესაც ისინი ამბობენ: „მოდით, შევჩერდეთ იქ, სადაც ახლა შეხების ხაზია, შემდეგ აღვადგენთ უკრაინას და განვათავსებთ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს უკრაინის დარჩენილ ნაწილში“, სტაბილიზაცია ლონდონისა და პარიზის იდეაა. რის სტაბილიზაციას გეგმავენ? ღიად ნაცისტური რეჟიმის“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ უკრაინის კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ ხანგრძლივი გადაწყვეტა სურს.

„ჩვენ ვითხოვთ არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიღწევას, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, არამედ კრიზისის გამომწვევი ძირეული მიზეზების საიმედო აღმოფხვრას. კერძოდ, რუსეთის უსაფრთხოებისთვის დასავლეთის მიმართულებიდან მომდინარე სტრატეგიული საფრთხეების აღმოფხვრას, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის იმ უფლებების შელახვის შეწყვეტას, რომლებიც გარანტირებულია გაეროს წესდებითა და თავად უკრაინის კონსტიტუციით. ეს ეხება იმ ნაწილსაც, რომელიც ამ ეტაპზე კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება. და, რა თქმა უნდა, ნაციზმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის აღმოფხვრას“, – აღნიშნა ლავროვმა.

იტვირთბა....