აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გრძელდება, რენში, მარსელსა და პარიზში აქციის მონაწილეები სასწავლებლების ბლოკირებას ცდილობენ

საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირება გრძელდება.

დილიდან დაძაბული ვითარებაა რენში, მარსელსა და პარიზში. რენში მოსწავლეებმა ლიცეუმის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ სასწავლებლის შესასვლელი გაათავისუფლებინა. მოგვიანებით, მოსწავლეებმა შენობის შესასვლელები და გამოსასვლელები კვლავ გადაკეტეს. ადგილზე ასზე მეტი მოსწავლე შეიკრიბა. მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების პოლიციის დანაყოფები და ჟანდარმები, რომლებმაც შეკრებილები დაშალეს და სასწავლებელთან მისასვლელი გზა გაათავისუფლეს.

მარსელში ერთ-ერთი დიდი ლიცეუმის მოსწავლეებმა, სადაც მანამდე სრული ბლოკირება იყო გამოცხადებული, პროტესტის ფორმა შეცვალეს. მათ ნაწილობრივი ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა პოლიციის ჩარევა თავიდან აეცილებინათ და გაკვეთილებზე დასწრების მსურველი მოსწავლეებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ.

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება პარიზშიც. კვლავ შეფერხებულია სასწავლო პროცესი ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმში, სადაც აქციის მონაწილეები სპეციალური დანიშნულების პოლიციის დანაყოფების პირისპირ მართავენ დემონსტრაციას.

იტვირთბა....