აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტივ უიტკოფის ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, აშშ-ის შუამავლობით, აბუ დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები დააანონსა.

უიტკოფის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს.

„10-11 ნოემბერს აბუ დაბიში შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებებში და ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ტრამპის მისიის შესრულებას ომის დასრულების მიმართულებით. განხილვები ძირითადად ომის შემდგომ უსაფრთხოებას, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ზომებსა და მშვიდობისკენ მიმავალ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება“, – წერს უიტკოფი.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირას ბრიუსელში ამერიკელი მომლაპარაკებლები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების სისტემასა და უკრაინის აღდგენისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.

უიტკოფი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები იმ პროგრესს განავითარებენ, რომელიც კიევში, ოსლოსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრებზე იქნა მიღწეული. მისი თქმით, საბოლოო მიზანი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელიც მომავალ თაობებს მდგრადი უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.

იტვირთბა....