რუსეთში, იაროსლავლის ოლქში, ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. 3 ნოემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
Telegram-არხ ASTRA-ს ინფორმაციით, აფეთქებებამდე რეგიონში საჰაერო საფრთხე იყო გამოცხადებული. მოგვიანებით ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ გაავრცელეს ცნობები. გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების გეოლოკაციით დადგინდა, რომ ცეცხლი „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკიდია. საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის სულ მცირე სამი კერა დაფიქსირდა.
ქარხანა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს, წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. საწარმო ბენზინს, დიზელს, საავიაციო ნავთსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. მისი პროდუქცია რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორსაც მიეწოდება.
იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე მიმდინარე წელს არაერთხელ გახდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 17 სექტემბრის იერიშის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეაჩერა.
ამ დროისთვის ბოლო თავდასხმით გამოწვეული ზარალის სრული მასშტაბი უცნობია.

