პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მოწინააღმდეგე პარტია პოლონეთში, „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია რუსეთთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი წუხს, რომ ტუსკი, თავის პარტიასთან ერთად, „კანონისა და სამართლიანობის“ წევრებს ავიწროებს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ამ განცხადებით ყველაფერი ნათელი ხდება.
„რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პოლონეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და რომ „ტუსკის ლიბერალები, ბრიუსელის პროტეჟეები „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის კონსერვატორებს ავიწროებენ“. ყველაფერი ნათელია“, – წერს ტუსკი.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პოლონეთში „კონსტიტუციური გადატრიალება“ მიმდინარეობს: „ტუსკის ლიბერალები, ბრიუსელის პროტეჟები „კანონისა და სამართლიანობის“ კონსერვატორებს ავიწროებენ. როგორც ჩანს, ნაწილობრივ ამ უკანასკნელთა „ბანდერისტების“ მიმართ სიძულვილის გამო. მეთოდი კი ზუსტად იგივეა, რაც ნეონაცისტურ უკრაინაში: საკონსტიტუციო ტრიბუნალის უფლებამოსილების გაუქმება“.

