”მესმის წუხილი, რომ ბოლო განხილვები – მეორე და მესამე მოსმენა ფორსირებულად მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ძალიან გახსნილ რეჟიმში. “-განაცხადა ეკა ბესელიამ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტის მიღების შემდეგ.
“პრაქტიკულად გავიზიარეთ ყველა შემოთავაზება და შენიშვნა, ერთადერთი საკითხის გარდა, რომელიც პლენუმის კვორუმს შეეხებოდა. ვფიქრობ, აქ ძალიან საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და ძალიან დიდი ინტერესით დაველოდებით მის დასკვნას. ბუნებრივია, მის რეკომენდაციებზეც ერთად ვიმუშავებთ”, – განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიისთვის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტის გადაგზავნას გეგმავს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა. პარლამენტმა დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნა.