თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 150 ახალი ავტობუსის შეძენას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას. მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ახალი სამარშრუტო სქემა გვქონდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები.