ჟურნალი “სარკე” ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულების, ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის ადვოკატს, მალხაზ სალაყაიას ესაუბრა. ადვოკატი მათ მდგომარეობასა და ცხოვრების სტილზე ყვება:
– თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს კარგად იცნობთ? როგორი წესით ცხოვრობდნენ ისინი დაკავებამდე?
– ცნობილია, რომ ლევანი სპორტს მისდევდა. ლაშა ჩემ თვალწინ გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრისა და კოლეგის შვილი გახლავთ. მის მამაპაპეულ მოდგმას ვიცნობ. მისი ცხოვრების წესი და ურთიერთობები მხოლოდ კარგი აღზრდა და განათლება იყო. ლაშასთვის მსგავსი გადახრები და ნარკოტიკებთან ურთიერთობა, მშობლების ცხოვრების წესიდან და სიმკაცრიდან გამომდინარე, უცხოა. ეს არის ე. წ. ექსტაზი, რომელიც კლუბურ ნარკოტიკად ითვლება. ნებისმიერი წამალი, რომელიც ტკივილის გაყუჩებას იწვევს, აუცილებლად შეიცავს მსგავს ნივთიერებას და ყველას მიუღია.
– ლაშა კურტანიძე რა სპეციალობის არის?
– ბიზნესთანაა დაკავშირებული მისი სპეციალობა. “იესემი” აქვს დამთავრებული. მისი აღნაგობა კი სასურველი გახდა ფილმისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ ლაშა მსახიობია. უბრალოდ, ნიჭიერი კაცია.
– როგორ განწყობაზე არიან, ნანობენ მომხდარს?
– რა თქმა უნდა, ნანობენ. ერთიც და მეორეც შოკირებულ მდგომარეობაში არიან.
როსტოსაც და კურტანასაც სერიოზული განათლება აქვთ მიღებული, სერიოზულ პოზიციებზე მუშაობენ, მარკეტინგის სამსახურში. როსტო ახლა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მარკეტინგს უძღვება. კურტანა მედიის სარეკლამო სამსახურის მენეჯერია. უსაქმური, ქუჩის ბიჭები არ არიან. მთელი ცხოვრება მუშაობენ…
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამართალდამცველებმა ყოფილი სპორტსმენი და მარკეტინგის მენეჯერი, შოუბიზნესის პოპულარული სახე, ლევან როსტოშვილი, მეტსახელად როსტო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. მისი ავტომანქანიდან კი 43 გრამამდე ე.წ. კლუბური ნარკოტიკი “მდმა” ამოიღეს. როსტოსთან ერთად მანქანაში იჯდა მისი მეგობარი, “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ლაშა კურტანიძე. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.