ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„გამიტყუა გარეთ და სახლის წინ მანქანა დამაჯახა“: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს დაცვას სთხოვს. მედეა პატაშურის განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ის პერმანენტულად ხდება ყოფილი ქმრის ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლი, თუმცა გამოძიება ყოველ ჯერზე ფორმალურად მიმდინარეობს, მოძალადე კი დაუსჯელი რჩება.

პატაშურის განცხადებით, პრობლემა მსგავსი სახის ძალადობის კვალიფიკაციაშიც არის, თუმცა, ის დუშეთის პოლიციას ყოფილი ქმრის მფარველობაში ადანაშაულებს.

მისი ინფორმაციით, ძალადობის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა მას მანქანა განზრახ ორჯერ დააჯახა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

“2016 წლის დასაწყისში გამიტყუა გარეთ და სახლის წინ მანქანა დამაჯახა. მივიღე მოტეხილობები, ფეხებზე მყესების გაგლეჯვა, როგორ გადავურჩი სიკვდილს დღესაც არ ვიცი.” – აცხადებს პატაშური.

ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ შსს-ს თანამშრომლები ღიად მფარველობენ მოძალადეს, რადგან პატაშურის ყოფილი ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანამშრომელია.

“ეს არის საქმე, სადაც ქალის წინააღმდეგ ძალადობს არა მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, არამედ მთელი სამართალდამცავი სისტემა. სადაც შსს-ს თანამშრომლები და დეპუტატის აპარატის თანამშრომლები ღიად მფარველობენ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ არს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანამშრომელი.“ – განაცხადა კავშირ «საფარის» აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მედეა პატაშურმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას. სამართალდამცავებმა უმრავლეს შემთხვევაში მოახდინეს რეაგირება. უწყებაში ამბობენ, რომ პატაშურის ყოფილი ქმარი შსს-ს თანამშრომელი არ არის.

“შსს-ს დუშეთის რაიონულ სამმართველოში, 2014 წლიდან დღემდე, მოქალაქე მედეა პ.-სგან შემოსულია 18 საჩივარი-განცხადება. აქედან, 13 საჩივარ-განცხადებაზე რეაგირება მოხდა ადმინისტრაციული წესით (ვინაიდან არ იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები), ხოლო 5 განცხადებაზე დაიწყო გამოძიება:

2014 წლის 22 მაისს – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;

2014 წლის 6 მარტს – საქ. სსკ–ის 111–126-ე მუხლით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 11′-118-ე მუხლით. (მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რამაზ ხ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, 3 000 ლარის ოდენობით);

2015 წლის 13 ოქტომბერს – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  (ვინაიდან რამაზ ხ.-ს ქმედებით გამოწვეული ზიანი არ აღემატებოდა 150 ლარს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო);

2015 წლის 10 დეკემბერს – საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

2016 წლის 13 იანვარს – სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანიშნულია შესაბამისი  ექსპერტიზები და ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება.

დღეის მდგომარეობით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ რამაზ ხ.-ს მიმართ გამოცემულია 6 თვიანი დამცავი ორდერი.

რამაზ ხ. ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული პირი არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი”. – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....