კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან შესაძლო გადაგომის შესახებ.
“ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ველოდებით შესაბამის კომპეტენტურ დასკვნას, რის მერეც მე ვიტოვებ უფლებას, შესაბამისი განცხადებები გავაკეთო. მინდა, ასევე, ვთქვა კვლევასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ეს აჟიოტაჟი ატყდა. იქ მოყვანილი ფაქტები ხელოვნურია, როგორც ჩემთან მიმართებაში, ისე სამინისტროსთან მიმართებაშიც. ამიტომ, ჩვენ ველოდებით კომპეტენტურ დასკვნას.”- განუცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მიხეილ გიორგაძის მინისტრობისას, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა ხელოვნურია.