ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პაატა ბურჭულაძე ნაცმოძრაობის სატელიტია“

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია, ამის დასტური კი ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენაა.

„ისინი ერთობლივად გეგმავენ და აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ამ კანდიდატის გასაყვანად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო აშკარა არჩევნების წინ გახდება.

„ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტებს“ შორის. სტრატეგიული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დამნაშავეა იმ უმძიმეს ცხრა წელიწადში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....