ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სახალხო დამცველი მე-7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას ითხოვს

“2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე გაეუქმებინა N7 დაწესებულება. სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება, ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება, ამასთან დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.

დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მისი თავდაპირველი დანიშნულების (აშენდა როგორც საგამოძიებო იზოლატორი) გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხდება დაწესებულების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა შეესაბამოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტებს. ასე, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება”,- ნათქვამია ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ,,ლაითურის პროექტი“. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ  N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან  ლაითურში, ხოლო  N7 დაწესებულება დაიხურება.

“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ,,ლაითურის პროექტი“. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ  N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან ლაითურში, ხოლო  N7 დაწესებულება დაიხურება.

რაც შეეხება  N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში გეგმავს  სარემონტო სამუშოების ჩატარებას. სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის.

N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე – 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული. მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრული”. – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

იტვირთბა....