ჯანდაცვა

როგორ ვებრძოლოთ ქოლესტერინს

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა, რომლის მცირე ნაწილს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, დანარჩენი კი ორგანიზმშივე წარმოიქმნება. მის ბიოსინთეზში მონაწილეობს თითქმის ყველა ორგანო, უმთავრესად კი – ღვიძლი.

ქოლესტერინი აუცილებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს, მეორეც, დიდ როლს ასრულებს კერძოდ, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, მაგრამ თუ ჭარბად დაგროვდა, სისხლძარღვის კედლებზე ფოლაქებად დაილექება და შესაძლოა არტერიის სრული ბლოკირება გამოიწვიოს.

თუ სისხლის მიწოდება გულს შეუწყდა, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი, თუ თავის ტვინს – ინსულტი. სისხლში ქოლესტერინის მატებას ადამიანი კარგა ხანს ვერ გრძნობს, ხშირ შემთხვევაში თავისთავად ვლინდება, მაგრამ უკვე მძიმე შედეგით – გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით, მიოკარდიუმის ინფარქტით, ცერებროვასკულური დაავადებით, ინსულტით…

როგორ ავირიდოთ ქოლესტერინის მატება ორგანიზმში?

თუ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში ცხიმის შემცველობა დიდია, სისხლში ქოლესტერინის დონე იმატებს, თუმცა ზოგჯერ მისი მატება ქოლესტერინით ღარიბი საკვების მიღების დროსაც აღინიშნება. ეს ორგანიზმის მიერ ქოლესტერინის გაძლიერებული გამომუშავების ბრალია.

მოკლე ხანში ქოლესტერინის დონის დაქვეითება შეუძლებელია. ათეროსკლეროზს წლების განმავლობაში ებრძვიან. არსებობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზების რამდენიმე საშუალება. პირველი და უმთავრესი სწორი კვებაა, რომლის მეოხებითაც ქოლესტერინის დონე 10-15%-ით დაიწევს.

ქოლესტერინს უხვად შეიცავს ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის მსუქანი ხორცი, ქაშაყი, კვერცხის გული, ხიზილალა, ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ძეხვი და ლორი, მოუხდელი რძე, შაქარი, თეთრი ხორბლის პური, ნაყინი, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, კრემი, ხორცის ბულიონი, კრაბი, კრევეტი და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი სწრაფი კვების პროდუქტები. მათ უნდა ერიდოთ, თუმცა სულმთლად უარის თქმას, ცხადია, არ გირჩევთ. ცილა რომ არ მოგაკლდეთ, შეიძლება მიირთვათ უცხიმო რძე, ხაჭო და იოგურტი, ნაკლებცხიმიანი ყველი, მაწონი, ბოსტნეულის წვნიანი, სოიის პროდუქტები. ხორცი – შეზღუდული რაოდენობით, ისიც უცხიმო (საქონლის, კურდღლის, ქათმის). ზოგადად საკვებში ასეთ დროს ცხიმის შემცველობა უნდა იყოს შეზღუდული. მცენარეულ საკვებში ქოლესტერინი თითქმის არ არის, ამიტომ მიირთვით მეტი ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, ნიგოზი, მსხვილად დაფქული მარცვლეულის პროდუქტები, მზესუმზირას, ზეითუნის, სოიის ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა. განსაკუთრებით სასარგებლოა ბაბუაწვერას,ჭინჭრის, კუნელის წვენი, მწვანე ჩაი. ქოლესტერინის დასაკლებად ეფექტურად იკენებენ სიმინდის ზეთს. მას 3 კვირის განმავლობაში სვამენ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზს.

ხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის. მეტი იმოძრავეთ, შეასრულეთ გამამხნევებელი ვარჯიშები, უარი თქვით სიგარეტზე.

იტვირთბა....