ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში ავტომატით შეიარაღებული პირი პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა

გვიან ღამით, გურჯაანში, ქალაქის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თავს ავტომატით შეიარაღებული 26 წლამდე ასაკის მამაკაცი დაესხა და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ავტომობილით მიიმალა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სროლა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გარკვევას ცდილობდნენ, რა დროსაც მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა, მანქანიდან ავტომატი ამოიღო და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრის ავტომანქანით მიიმალა. ეჭვმიტანილი ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11-წლამდე.

ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურჯაანში, არაერთი ახალგაზრდა გადაადგილდება ავტომატის თანხლებით.

იტვირთბა....