პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ნახევარი შეიცლება.
“სახელები და გვარები ცნობილი 14 მაისს გახდება. ვადასტურებ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი შეიცვლება, თუმცა არა მთლიანად. მის შემადგენლობაში, მოქმედი წევრებიც დარჩებიან. სხვათა შორის, დღეს არც პოლიტსაბჭოს საბოლოო სახეა დაზუსტებული. კანდიდატთა საბოლოო სია კი, ყრილობაზე დელეგატებს წარედგინებათ დასამტკიცებლად. პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, ვინ დააკომპლექტებს საარჩევნო სიას. საბჭოს, რომელიც 14 მაისს დამტკიცდება, სიის ფორმირებაზე მანდატი ექნება და სწორედ ის გახდება პასუხისმგებელი ამ პროცესზე. ჩვენს გეგმებში შედის პარტიული და პერსონალური კვლევები. არ გამოვრიცხავთ იმ პირების რეიტინგის გადახედვას, რომლებიც მაჟორიტარულ არჩევნებსა და პარტიულ სიაში იქნებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს, რომ თვისობრივად განვაახლებდით ჩვენს გუნდს, მათ შორის, საპარლამენტო შემადგენლობასაც და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ“.- აცხადებს ირაკლი კობახიძე გაზეთ “ვერსიასთან“ საუბრისას.