მედიაში ვრცელდება ინფორმაცია „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობებიდან დატოვებისა და მათი შესაძლო შემცვლელების შესახებ. როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შესაძლოა ირაკლი სესიაშვილმა შეცვალოს, გიგლა აგულაშვილი – ნინო სულხანიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის თბილისის მერიის ეკოლოგიური სამსახურის უფროსია, ხოლო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი შესაძლოა თავისმა მოადგილემ ქეთი ციხელაშვილმა შეცვალოს.
„რესპუბლიკური“პარტიის ერთ-ერთი წევრი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადების გამო თანამდებობებიდან გადადგომას „რესპუბლიკელი“ მინისტრები არ აპირებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადადგომასთან დაკავშირებითაც.
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი დატოვებენ თუ არა მინისტრები თანამდებობებს და ვინ დაიკავებს მათ ადგილს.
შეგახსენებთ, რომ ეს ვნებათაღელვა თამაზ მეჭიაურის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც მან თქვა, რომ მისი კურსი აცდენილია მმართველი პარტიის კურსს. მის ამ განცხადებას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებები მმართველი პარტიის პოზიციას არ გამოხატავს. მეჭიაურისა და პრემიერის განცხადებებებს კი თავის მხრივ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები გამოეხმაურნენ, ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ისიც განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან მეჭიაური, ჯაჭვლიანი და თოფაძე უნდა გაირიცხონ. მეჭიაურმა ამ განცხადებასაც უპასუხა და განმარტა, რომ ის მხოლოდ მაშინ დატოვებს მმართველ გუნდს, თუ „რესპუბლიკელები“ თანამდებობებს დატოვებენ.