უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოააშკარავეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც გენერალური პროკურატურის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი მეთაურობდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ორგანიზაციის წევრები ქრთამს იღებდნენ თაღლითური ქოლ-ცენტრებისგან და უკანონოდ მიღებულ თანხებს ათეთრებდნენ.
ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოძიებას „კართაგენი“ უწოდეს. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები და ვიდეოთვალთვალის კადრებია ნაჩვენები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 2025 წლის შუა პერიოდში უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შექმნა დაჯგუფება, რომელიც ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და მათგან თანხებს იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ცენტრების თანამშრომლები უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებს ურეკავდნენ და თაღლითური სქემებით ფულს სძალავდნენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების თქმით, დანაშაულებრივ ორგანიზაციაში საკვანძო როლს ასრულებდა გენერალური პროკურატურის ოფისის მაღალჩინოსანი, მეტსახელად „კანცლერი“, რომელიც მოქმედებდა გარკვეული „შეფის“ მფარველობის ქვეშ.
საქმეში ფიგურირებენ „მუზა“- „კანცლერის“ ახლობელი პირი, „კამრადი“ – „კანცლერის“ მძღოლი და „ფლეში“ – „კანცლერის“ თანაშემწე, ასევე სხვა პირები.
„ბიბისი“ წერს, რომ ოფიციალურად უწყებებს ეჭვმიტანილების ვინაობა არ დაუსახელებიათ. თუმცა, კვირას უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გენერალური პროკურატურის ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სერგეი კრაპივას. ის პატიმრობიდან გათავისუფლებას შეძლებს, თუ გირაოს სახით 120 მილიონ გრივნას, დაახლოებით 2,7 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, სწორედ კრაპივა არის გამოძიების მთავარი ფიგურანტი.
მედიის ვერსიით, პირი, მეტსახელად „შეფი“, შესაძლოა, უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო იყოს. თუმცა, თავად კრავჩენკომ კვირას რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას „არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან“.
მისივე თქმით, გამოძიებაში ფიგურანტი გენერალური პროკურატურის ოფისის თანამშრომელი თანამდებობიდან ჩამოაშორეს.
გენერალურმა პროკურორმა ასევე გასცა განკარგულება, შემოწმდეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების საქმიანობა.
გარდა ამისა, კრავჩენკოს განცხადებით, პროკურატურის ყველა თანამშრომელმა, რომელსაც უკანონო ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასთან აქვს კავშირი, პოლიგრაფიული შემოწმება უნდა გაიაროს.
გენერალურმა პროკურორმა ასევე მოიყვანა სტატისტიკა ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა 1 050-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს, აღკვეთეს დაახლოებით 340 ქოლ-ცენტრის საქმიანობა და დახურეს 5 000-ზე მეტი ოპერატორის სამუშაო ადგილი.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. კრავჩენკოს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს დეტექტივებს მის სამუშაო კაბინეტში სრული წვდომა ჰქონდათ და მათთვის ხელი არავის შეუშლია. კრავჩენკო ასევე ამტკიცებს, რომ ფულით სავსე სეიფი, რომლის ფოტოც მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გენერალური პროკურატურის ოფისში არ აღმოუჩენიათ. იხილეთ სრულად…

