„ეგენი ხან „ნაცმოძრაობას“ შეეკვრნენ, ხან იმას და თავის თავს მიხედონ. რაც მაგათმა ჩვენგან მიიღეს იმას დაუფიქრდნენ და ჭკუით იყვნენ, თორემ კიდევ უარესი მაქვს სათქმელი მაგათზე“- ამის შესახებ „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „რესპუბლიკელებზე“ კომენტირებისას განაცხადა.
საქმე შეეხება „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც კოალიციიდან უნდა გაირიცხონ მეჭიაური, თოფაძე და ჯაჭვლიანი. გოგი თოფაძე კოლეგის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს მეჭიაურის შეხედულებებს საგარეო კურსთან დაკავშირებით:
“მე მოვისმინე რაზეც გააკეთა განცხადება თამაზ მეჭიაურმა და მიმაჩნია, რომ მან ობიექტური განცხადება გააკეთა. რუსეთთან ომის მაგივრად ჯობს მოვაგვაროთ ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ბერძენიშვილი ძალიან ხშირად აბსურდებზე ლაპარაკობს. მე არავის არასოდეს საქართველოს ინტერესებს არ დავაჩაგვრინებ რაც შემიძლია და მე ვარ პროქართული.
ბიძინა ივანიშვილთან მე მაქვს საქმიანი ურთიერთობა უკვე 20 წელია. არაფერი მაგის დახმარება არ მინდა, მე მაგას ვაკრიტიკებ ზოგიერთ საკითხებში და ვიმეორებ, ბერძენიშვილებმა, მაგ ორმა ძმამ მიხედონ თავის თავს. ეგენი ხან ნაცმოძრაობას შეეკვრნენ, ხან იმას და თავის თავს მიხედონ…რაც მაგათმა ჩვენგან მიიღეს იმას დაუფიქრდნენ და ჭკუით იყვნენ, თორემ კიდევ უარესი მაქვს სათქმელი მაგათზე. რა მაქვს სათქმელი ეს ჩემი საქმეა. თუ ძაან ბევრს აიღებს თავის თავზე და დაიწყებენ ჩემს უსამართლო კრიტიკას, რომ მე თურმე ბიძინას კარნახით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, მე მაგას 20 წელია ვაფიქსირებ, რომ მოლაპარაკება ერთადერთი გზა არის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების. რუსეთის ლანძღვა-გინება, აგრესორი ქვეყანაა, რამდენი პრობლემა იქმნება მერე და ვინ არის ჩვენი დამცველი? ომით დავიბრუნებთ ჩვენ მაგას როდისმე?ამიტომ, ჩემი პოზიცია ამ მხრივ არის რუსეთთან მოვნახოთ საერთო ენა…ძმებმა ბერძენიშვილებმა იფიქრონ უცხოეთის გრანტებით რომ აპირებენ რაღაცის მიღწევას და დაანებონ თავი ჩემს კრიტიკას. ჩვენ, “მრეწველები” ვართ პროქართული ორიენტაციის პარტია უკვე 20 წელია და არავის არ ვეკვრებით და ჩვენით ვიბრძვით”,- განაცხადა “მრეწველთა” პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში.