აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ძალებს შორის კიევში დაპირისპირება მოხდა

უკრაინული მედია, უკრაინსკა პრავდა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ძალებს შორის კიევში დაპირისპირება მოხდა.

ქუჩა, სადაც სავარაუდო შეტაკება მოხდა, დროებით პოლიციის მიერ გადაკეტილი იყო. 

მედია წერდა, რომ შეტაკება დაკავშირებული იყო ГУР-ის რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაურის მოადგილის, სტეპან კაპლუნოვის გაუჩინარებასთან. შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გაავრცელა კაპლუნოვის ადვოკატმა, ტარას ბოროვსკიმ და თქვა, რომ РДК-ს მეთაურის მოადგილის სახლთან მისული იყვნენ სამართალდამცველები, რის შემდეგაც, “განგაშის ნიშნის” შემდეგ მისი თანამომსახურეები მოვიდნენ და გაისმა გასროლის ხმები.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, დაჭრილია ГУР-ის სამი თანამშრომელი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები და СБУ-ს სპეცრაზმი ალფას წევრები.

ამავე დილას СБУ-მ გაავრცელა განცხადება, რომ ГУР-თან ერთად აღკვეთეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ტერაქტი რუსული ოპოზიციურ-ნაციონალისტური მოძრაობის წარმომადგენლის წინააღმდეგ. უკრაინსკა პრავდას ცნობით, საუბარი სწორედ РДК-ს მეთაურის მოადგილეზე იყო. ეს განცხადება თავდაპირველად ГУР-მაც გამოაქვეყნა, თუმცა, მედიის ცნობით, მალევე წაშალეს. 

“СБУ-მ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ГУР-თან ერთად აღკვეთა ტერაქტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ФСБ ამზადებდა რუსული ოპოზიციური პოლიტიკურ-ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. მიმდინარეობს ოპერაციულ-საგამოძიებო მოქმედებები.” – ეწერა განცხადებაში.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

СБУ-ში ირწმუნებიან, რომ ФСБ-ს ტერაქტის აღკვეთის საქმის ფარგლებში მათ შეიარაღებული წინააღდეგობა გაუწიეს.

მომხდარ შეტაკებას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო (ГБР) შეისწავლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ГУР-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მოხმდარის “ზუსტი და უწინააღმდეგო გამოძიება”.

“არავის აქვს უფლება უკანონოდ გაიტაცოს სამხედრო მოსამსახურეები, ჩვენი ქალაქების ქუჩებში გახსნას ცეცხლი, გასცეს და შეასრულოს დანაშაულებრივი ბრძანებები.” – თქვა ბუდანოვმა.

1-ელ სექტემბერს რუსული მოხალისეთა კორპუსის შტაბის მეთაურმა გაავრცელა ცნობა, რომ მათი მეთაურის მოადგილე, სტეპან კაპლუნოვი საკუთარი სახლიდან უცხო პირებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. РДК-ს შტაბის მეთაური ამბობდა, რომ მომხდარზე ინფორმირებული იყო სახალხო დამცველი.

რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დაქვემდებარებული ქვედანაყოფია, რომელიც ანტიპუტინისტი რუსი ულტრამემარჯვენეებისგან არის დაკომპლექტებული.

2025 წლის 27 დეკემბერს РДК-მ გაავრცელა ცნობა, რომ ზაპორიჟიეს მიმართულებით მათი მეთაური დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) მოკლეს. როგორც შემდეგში გაირკვა, ეს ცრუ ცნობა იყო, რომელიც ГУР-ის სპეცოპერაციის ფარგლებში გაავრცელეს. აღმოჩნდა, რომ კაპუსტინი ცოცხალი იყო, თანხა კი, რომელსაც რუსეთი მისი მკვლელობისთვის იხდიდა, უკრაინულმა მხარემ მიიღო.

იტვირთბა....