პუტინს საკუთარი უსაფრთხოების ეშინია იმ შემთხვევაში, თუ ომი ისე დასრულდება, რომ მინიმალურ მიზანს – მთელი დონბასის დაკავებასაც კი ვერ მიაღწევს – წერს გამოცემა The Economist. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პუტინთან დაახლოებულმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ომის გარკვეულ ეტაპზე პუტინმა თავისი გარემოცვის წევრებს უთხრა: “ისინი მე ჩამომახრჩობენ”. გამოცემა არ აკონკრეტებს რაიმე სხვა დეტალს ამ საუბრიდან, ან რა კონტექსტში ითქვა ეს სიტყვები.
სხვა წყაროებთან ერთად სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებზე დაყრდნობით სტატიის ავტორები წერენ, რომ რიგით რუსებში ომის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, ხოლო ელიტაში განწყობა კიდევ უფრო მძიმეა – “იზრდება განცდა, რომ მეფე შიშველია” – განაცხადა რუსეთის ელიტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, The Economist-ის ცნობით.
„რუსეთის ხელისუფლებას არც ომის ისე გაგრძელება შეუძლია, როგორც ახლაა. ინერციით მიმდინარე სცენარები კრემლისთვის წამგებიანია” | განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ და აღნიშნა, რომ ეკონომიკური რესურსები და პოლიტიკური კაპიტალი უბრალოდ იფლანგება.
“რუსეთის წინაშე არსებული არცერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემა ამჟამად პუტინისთვის სასიკვდილო არ არის: მას ჯერ კიდევ აქვს ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რესურსები და რეპრესიული აპარატი. თუმცა, იმას, თუ როგორ აღიქვამენ ომს ქვეყნის შიგნით, დიდი მნიშვნელობა აქვს” – წერს The Economist-ი.
შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა კვლავ ესკალაციის გზა აირჩიოს, როგორც ეს ადრეც გაუკეთებია – წერს The Economist და სავარაუდო სცენარებს შორის უკრაინის მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებასა და დივერსიებს ასახელებს. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა შესაძლოა დაარტყას ევროპულ ქარხნებს, რომლებიც უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის აღჭურვილობას აწარმოებენ, აღნიშნავს გამოცემა, თუმცა NATO-სთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.
ამასთანავე, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებას გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა მზადება ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშების მისატანად

