ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად გრანდ კანიონის ნაწილი დაიტბორა. დაახლოებით 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება. აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის ინფორმაციით სტიქია გასულ შაბათს, ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე დაიწყო.
62 ადამიანის ევაკუაცია ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
“ეს საშინელება იყო. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა – მშვენიერი დილა გათენდა, მოულოდნელად კი ხალხმა ყვირილი და გაქცევა დაიწყო”, – ამბობს ნიკი ბაგსი, რომელიც სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.
მისი თქმით, გრანდ კანიონში მდებარე სასტუმროში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და რადგან კარგი ამინდი იყო, გასეირნება გადაწყვიტეს, თუმცა მოულოდნელად წვიმა დაიწყო და ტერიტორიაზე ღვარცოფი მოვარდა.
როგორც კი წვიმა დაიწყო, ბაგსი და მისი მეგობრები უფრო მაღალ ადგილზე გადავიდნენ და საპიკნიკე მაგიდასთან დასხდნენ. ცოტა ხანში რეინჯერებმა მათ გაქცევისკენ მოუწოდეს და სხვა, უფრო მაღალ კლდოვან ადგილას გადაიყვანეს. იქ ისინი სხვა ადამიანებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, ვიდრე ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე ევაკუაცია განხორციელდა.

