აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრები კომენტარს აკეთებენ

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი. შეწყალებული პატიმრები კომენტარს აკეთებენ.

„მოულოდნელი შოკი იყო, საერთოდ არ ველოდებოდი“ – მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული სიმონ მახარაძე “პირველებთან” ციხიდან გათავისუფლების პირველ წუთებსა და პატიმრობაში გატარებულ მძიმე თვეებს იხსენებს.

დაახლოებით იყო 9 საათი, ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრეს, რომ “გაემზადე, შეწყალება შეგეხოო”. მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი. დაწერილი მქონდა შეწყალებაზე, მაგრამ იმედი არ მქონდა, რომ ესენი რაღაცას გააკეთებდნენ. ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად ვიყავი. გავემზადე და გარეთ რომ გამომიშვეს. ჟურნალისტები დამხვდნენ, ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ არ მივეცი და წამოვედით პირდაპირ დათოსთან სახლში. ცოტა ფეხით გამოვისეირნეთ, მონატრებულები ვიყავით.

მძიმე თვეები იყო იმ მხრივ, რომ შეზღუდვები მქონდა ტელეფონთან დაკავშირებით, აკრძალვები მქონდა, ოჯახის წევრებთან პაემანს ვერ ვაკეთებდი და სასამართლეობშიც იმის მოლოდინში, რომ აი, შეიძლება 5 წელი მოეცათ და საპროცესო როცა შემომტავაზეს, ეგრევე დავთანხმდი, რომ ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი. 18 აგვისტოს გავხდი 23 წლის. ზუსტად 50 დღე მქონდა დარჩენილი, 16 ოქტომბერს მიწევდა გამოსვლა, – ამბობს სიმონ მახრაძე.

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული (1 წელი საპატიმრო, 3 წელი პირობითი) და ციხეს რამდენიმე თვეში, კერძოდ ოქტომბერში ტოვებდა.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა საბა ჯიქიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა.  

მეგობრებო, დიახ, მე გარეთ ვარ. “ასწორებს” გარეთ, მაგარია!, – ამბობს საბა ჯიქია ვიდეომიმართვაში. 

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას  წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 

საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

პატიმრობიდან გათავისუფლებული დავით ხომერიკი “TV პირველთან” ციხიდან გამოსვლის პირველ წუთებს იხსენებს. მისი თქმით, შეწყალების შესახებ საღამოს საათებში აცნობეს, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. 

ხომერიკი ყვება, რომ გარეთ გამოსულს ფული არ ჰქონდა და ტაქსისტმა სახლამდე უფასოდ მიიყვანა. 

ასე უცაბედად, შემოვიდა მეთაური პერსონალი და “ს ვეშამიო” და უცებ შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით და რავი, არ გვჯეროდა… დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაორობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.

ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი – ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს საერთოდ არ იცნობთ…

15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაცქარებდნენ, მეთქი- ორი წუთი კიდევ დავრჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს და მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო…

უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან “ზუკა!”-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, რომელი ხარო და მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო, – ამბობს ადვით ხომერიკი. 

ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას. 

იტვირთბა....