მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან სინდისის პატიმრებიც.
შეწყალებულია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დავით მახარაძე, მისი ბიძაშვილი.
სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული (1 წელი საპატიმრო, 3 წელი პირობითი) და ციხეს რამდენიმე თვეში, კერძოდ ოქტომბერში ტოვებდა.
შეწყალებულია პროევროპულ აქციაზე დაკავებულია მუსიკოსიც, დავით ხომერიკი – ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველს” ხომერიკის ადვოკატი უდასტურებს.
ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას.
შეწყალებულია პროევროპულ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.
შეწყალებულებს შორის არიან პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ ორი მსჯავრდებული – 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” ადვოკატმა დაუდასტურა.
დეკემბრის აქციების დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
ხუტაშვილმა და მუმლაძემ შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს ფრიდონ ბუბუტეიშვილთან ერთად მიმართეს.
თავისუფალია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილი – ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.
ცნობისთვის, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით – თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

