თუშეთის გზაზე, ე.წ. ცოდვიაანთ ხევთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღნიშნულის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს.
„დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა. ამჟამად იმყოფება ინტენსიური თერაპიის ბლოკში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზაზე ზვავი გუშინ ჩამოწვა და ქვეშ ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა.