მსახიობი სოფი ლორენი, 15 ივნისს, ფონდ “ნატვრის ხის” ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, როგორც საპატიო სტუმარი ისე შეუერთდება, – ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ განაცხადა.
“მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.
თბილისში უკვე იმყოფებოდა სოფი ლორენის ვაჟი კარლო პონტი. მან მიმდინარე წლის 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფონდი პერიოდულად საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ბავშვების მკურნალობას აფინანსებს.