“არა მგონია, ჩვენ დღეს საქმე გვქონდეს იმ შემთხვევასთან, როცა ვინმე გადადგომას ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. ის ამით პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის და დეპუტატ თამაზ მეჭიაურის დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
”ვფიქრობ, რომ ”რესპუბლიკური პარტია“ ძალიან თანმიმდევრულად მიჰყვება იმ კურსს, რაც დაახლოებით თვენახევრის წინ გაცხადდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნებზე პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. რაც შეეხება უმრავლესობასა და მთავრობაში ყოფნას, ეს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე და მეორე მხრივ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე. პირველივე კონკრეტულ თემაზე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ 27 მარტს, პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენ მთავრობაში მანამდე ვიქნებით, სანამ ყოფნას შევძლებთ და ჩავთვლით, რომ ეს შესაძლებელი და საჭიროა. ამასობაში, საარჩევნო კამპანიის მოახლოებისთანავე მინისტრებს თანამდებობების შენარჩუნებას თავად კანონი უკრძალავს. მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ცხადია, მთავრობის შემადგენლობის საკითხები პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, დღეს საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ვინმე გადადგომას, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მინისტრის და შემდგომ პრემიერის საჯარო განცხადება მოჰყვა, ძალიან კონკრეტული საკითხია. მოხარული ვარ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი და ”რესპუბლიკელი” მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც ყველა ”რესპუბლიკელი” თანამოაზრე ვართ – ერთ აზრზე და იმას ვამბობთ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ჩვენს საერთო კურსს – პრემიერ-მინისტრის, მინისტრ ზაქარეიშვილის, თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის, პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილის კობახიძის და ”ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების არაერთხელ გაცხადებულ კურსს არ შეესაბამება, როგორმე უნდა გავუმკლავდეთ, რადგან ამ ტიპის განცხადებები, რომ თითქოს საქართველოს იმ პროცესში ყოფნა აღარ უნდა, რა პროცესშიც დღესაც იმყოფება და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები ყველა ერთხმად და ცალსახად ამ კურსის ურყეობაზე მიანიშნებენ, ვისაც ამ კურსთან პრობლემა აქვს, მგონი, პირველ რიგში, ის ხალხია ჩამოსაყალიბებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. ვინც ამ საქმეში თანამოაზრეები ვართ, ჩვენ თანამოაზრეებად უნდა დავრჩეთ, ერთად ვიქნებით მთავრობაში თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.