20 აგვისტოს ნორვეგიამ არქტიკაში განთავსებული ახლად შექმნილი სამხედრო ბრიგადა გააფართოვა.
NATO-ს წევრმა ქვეყანამ ფინმარკის ბრიგადა გასულ წელს შექმნა. ეს ქვეყნის მეორე ბრიგადაა. ორივე ბრიგადის შტაბ-ბინა არქტიკაში მდებარეობს.
ნორვეგიამ, სხვა ნორდიკულ ქვეყნებთან ერთად, უკრაინის ომისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებების ფონზე, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის თავდაცვაში მეტი წვლილი შეიტანონ, სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ნორდიკული ქვეყანა ახლა NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიხედვით მოწინავე პოზიციაზეა, თუ ხარჯებს ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით შევაფასებთ. NATO-ს მონაცემებით, წელს ნორვეგია თავდაცვაზე მშპ-ს დაახლოებით 3.17%-ს დახარჯავს, მაშინ როცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 1.5% იყო.
ფინმარკის ბრიგადის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა აქამდე ნორვეგიასა და რუსეთს შორის არსებული 198 კილომეტრი სიგრძის საზღვრის მეთვალყურეობა და პატრულირება იყო.
ახლა ბრიგადას დაემატება საარტილერიო ბატალიონი, საჰაერო თავდაცვის ბატარეა და კავშირგაბმულობის ასეული, რაც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს გარკვეული ოპერაციები, მათ შორის, დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით სახმელეთო სამიზნეებზე ცეცხლის გახსნა ან ნორვეგიისა და NATO-ს ძალების თვითმფრინავებთან და გემებთან ცეცხლის კოორდინაცია.
“ეს ცეცხლსასროლი ძალის სრულიად განსხვავებული დონეა იმასთან შედარებით, რასაც აქამდე ვიყენებდით” – განუცხადა ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჯონ ოლავ ფუგლემმა Reuters-ს.
“ჩვენ ვუპასუხებთ ნორვეგიისა და NATO-ს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხესა და თავდასხმას. ჩვენ დავიცავთ თითოეულ სანტიმეტრს” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.

