„ევროკავშირის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და თბილისი NATO-ში ჩაითრიოს, კარგს არაფერს მოიტანს. საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ. მისივე მტკიცებით, “რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინტერესებით ხელმძღვანელობს და მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა მათთან, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებს”.
“მოსკოვი მზად არის, ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის ხელშეწყობას, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათთვის საერთო რეგიონული პრობლემები“ – ამბობს რუსი დიპლომატი. ასევე, რუსეთი კვლავ მოუწოდებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ გაფორმებისა და „საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ, რასაც დემარკაცია უნდა მოჰყვეს“.
მან ისაუბრა ქართველი ოპოზიციონერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზეც, რომელიც აფხაზეთის ომს შეეხებოდა:”ცოტა ხნის წინ საქართველოში შიდა პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის, განცხადებას. ის ბატონი სააკაშვილის თანამოაზრე იყო. მან აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ“ [რადიო თავისუფლების თარგმანი] – განაცხადა ნებენზიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა.

