ФСБ-ს გენერალ-მაიორი, 83 წლის იგორ ლაპტევი მოსკოვში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს – ლაპტევის ცხედარი 20 აგვისტოს, ვერხნაია კრასნოსელსკაიას ქუჩაზე მდებარე მის ბინაში აღმოაჩინეს. წინასწარი ცნობებით, ის თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკვდა. რუსული მედიის ცნობით, ლაპტევი ავღანეთში მსახურობდა და უსაფრთხოების სფეროში კარიერა საბჭოთა КГБ-ში დაიწყო, მოგვიანებით კი რუსეთის ФСБ-ს შეუერთდა, სადაც „ინფორმაციული უსაფრთხოების“ მიმართულებით მუშაობდა.
მოგვიანებით ის რუსეთის საგადასახადო პოლიციაში მსახურობდა და 1990-იანი წლების ბოლოს გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრის მოადგილე გახდა. 1998 წლიდან ლაპტევი კომპანია Информтехника и Связь-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. კომპანია კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატურას ქმნის, მის უმსხვილეს კლიენტებს შორის კი რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან.
ეს შემთხვევა სხვა მსგავსი გარდაცვალების ფაქტების სერიის გაგრძელებაა. მანამდე მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი. სამართალდამცავი უწყების წყაროებმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან დაადასტურეს ინციდენტი და დასძინეს, რომ ცხედრის მახლობლად პისტოლეტი იპოვეს. გარდა ამისა, რუსეთის კურსკის ოლქში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა კიდევ ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც დრონების ქვედანაყოფს მეთაურობდა. გავრცელებული ცნობებით, ლეიტენანტი ვიაჩესლავ პარხაცკიხი, რომელიც 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის უპილოტო საფრენი აპარატების ასეულს ხელმძღვანელობდა, 25 მარტს მოკლეს.

