აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

კიევში მსურველთა კოალიციის 30-ზე მეტი წევრი ქვეყნის შეხვედრა გაიმართება – Kyiv Independent

Kyiv Independent-ს ინფორმირებული პირები უყვებიან, რომ 24 აგვისტოს კიევში მსურველთა კოალიციის 30-ზე მეტი წევრი ქვეყნის შეხვედრა გაიმართება. წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე ლიდერი შეხვედრას პირადად დაესწრება.

შეხვედრა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება და ეს კიევში ჯგუფის მესამე შეკრება იქნება. 2025 წლის მარტში შექმნილი კოალიციის მიზანი რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შედმეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობაა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შეხვედრაში პირადად მონაწილეობას, წყაროების ინფორმაციით, გეგმავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ლუკ ფრიდენი.

კოშტას დასწრების გეგმა გამოცემას ცალკე დაუდასტურა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.

მსურველთა კოალიციის შეხვედრები ყოველთვის ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მოსალოდნელია, რომ მონაწილეთა უმრავლესობა შეხვედრას ონლაინ შეუერთდება.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 13 ივლისს საფრანგეთში გაიმართა, პოლონეთმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე მსურველთა კოალიციის სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებდა.

ამ წვრთნების მიზანია ჯგუფი მზად იყოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ უკრაინაში ე.წ. სადემონსტრაციო ძალების განთავსების შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე.

იტვირთბა....