ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, სუიციდის თემაზე მომზადებულ გადაცემაში ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ეთიკის ქარტიის პირველი და მეათე პრინციპი დაარღვია.
ამის შესახებ ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა პროფილის იმ გამოშვებაში, რომელიც არასრულწლოვანთა სუიციდს ეძღვნებოდა (28.01.2016) დაარღვია ქარტიის პირველი და მეათე პრინციპი.
პირველი პრინციპი ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს, მეათე პრინციპის თანახმად კი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“
მაია ასათიანის წინააღმდეგ განცხადება ქარტიაში მოქალაქე გიორგი ყიფიანმა შეიტანა. საბჭომ საქმე 27 თებერვალს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება იმ დღესვე ვერ მიიღო. დამატებითი ინფორმაცია მოიძია, გაეცნო საერთაშორისო პრაქტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინა ქარტიის პრინციპების დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მერვე პრინციპიც, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბავშვის უფლებები პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“. საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ეს პრინციპი დარღვეული არ ყოფილა“, – აცხადებენ ეთიკის ქარტიაში და დასძენენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ამასთან, საბჭო მოამზადებს სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებს.