ახალი ამბები მთავარი

გელა დუმბაძე ემიგრანტებს ბოდიშს უხდის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე,  ქართველ ემიგრანტებს ბოდიშს უხდის. მინისტრი განცხადებაში  გაზეთ „კვირის პალიტრის“ 6 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება და განმარტავს, რომ სათაური კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი:

„მართალი გითხრათ, “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაური რომ წავიკითხე, უაღრესად შევწუხდი. რადგანაც, თუნდაც ამ ერთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებაში წარმოჩენილი პათოსი, რადიკალურად ეწინააღმდეგება ჩემი საუბრის სტილს და ზოგადად, – ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. ჩემი ყოველდღიური საქმანობის წამოებისას, საჯარო გამოსვლებისას, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იქნება ეს, თუ სხვადასხვა უამრავი ფორუმი: უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შრომასა და ღვაწლს მუდამ სოციალურ გმირობას ვადარებ. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი, განსაკუთრებით ქალბატონები, უდიდეს ძალისხმევას იჩენენ, საქართველოში უამრავი ოჯახის შესანახად. სწორედ მათ მხრებზე გადაიარა ჩვენი ქვეყნის ურთულესმა წლებმა. აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული დაფასების და პატივისცემის ღირსნი არიან.
უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრისას, სწორედ მათდამი გამოვლენილი გულწრფელი პატივისცემა და მათ წინაშე არსებული პრობლემატიკის მოგვარებისადმი მიმართული თანამიმდევრული ძალისხმევა იქცა ჩვენი ურთიერთნდობის და მეგობრობის საწინდარად. ლოგიკურია, ხსენებული ინტერვიუს დასაწყისში წარმოჩენილი პათოსი ვერაფრით შეესაბამება და ოდნავაც არ ასახავს ჩვენი საქმიანობის პრინციპებს და თანამემამულეებისადმი დამოკიდებულების სულისკვეთებას. გულწრფელად განვიცდი და ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც თუნდაც ინტერპრეტირებული ფრაზის გამო გული ეტკინა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ, გაეცნონ ამ ინტერვიუს. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი სტატიაში სწორ გზავნილებს და კეთილგანწყობას ამოიკითხავს. ჩვენი სამინისტრო, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ყოველღიურ რეჟიმში აგრძელებს ფართო პროფილის საქმიანობას. პოზიტიური შედეგი კი, მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და კონკრეტული საქმეების ობიექტური შეფასების ფონზეა შესაძლებელი “, – აცხადებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 5 მაისს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინტერვიუ სათაურით – “თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო” გამოაქვეყნა. ამ ინტერვიუს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართველი ემიგრანტების მხრიდან. მათ მინისტრის გადაყენება მოითხოვეს.

იტვირთბა....