ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია ქართული ოცნებიდან“

„მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია ქართული ოცნებიდან“- ამის შესახებ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პრობლემას უნდა ხედავდეს არა პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაში, არამედ თამაზ მეჭიაურის და სხვა დეპუტატების განცხადებებში.

“რესპუბლიკელების” ლიდერმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მმართველი გუნდის წამყვანი წარმომადგენლების მხრიდან ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება. ხოლო თამაზ მეჭიაური და სხვა დეპუტატები, რომლებიც ამ პოზიციას და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არ იცავენ, უნდა გაირიცხონ პარტიიდან.

„მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც რესპუბლიკელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ რესპუბლიკელმა მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია ქართული ოცნების დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი კი არ არის ქართული ოცნების ხაზი, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი რესპუბლიკელი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმისი სურვილი აქვს, და იმედი მაქვს, აქვს, რომ განაახლოს ქართული ოცნება. ვფიქრობ შესაძლებლობა ამისი, როგორც ჩანს არ აქვს. ის კი არ უნდა ეფარებოდეს, ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნატოსთან და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მეჭიაური და სხვა დეპუტატები ხშირად აცხადებენ, რომ ისინი არიან ყოფილი პრემიერის მეგობრები, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი სწორედ მის პოზიციას აფიქსირებდნენ.

 

იტვირთბა....