აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

პუტინის ეკონომიკას შეუძლია, ომს კიდევ ერთი წელი გაუძლოს – ევროპული დაზვერვა

ირანის ომმა, რომელმაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია, რუსეთში ეკონომიკური სირთულეების დაწყება გადადო. ამის შესახებ ევროპული დაზვერვის მაღალჩინოსანმა Fox News-ს განუცხადა.

წყაროს შეფასებით, დამატებითი სასაქონლო შემოსავლის გამო, რომელიც რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, თავისი ბიუჯეტი შეავსოს, პუტინი უკრაინაში სამხედრო კამპანიის გაგრძელებას, მინიმუმ, მომავალ გაზაფხულამდე, ან „კიდევ ერთ სეზონზე“ შეძლებს.

რუსული Urals-ის მარკის ნავთობზე ფასი, რომელიც წლის დასაწყისში ბარელზე 40 დოლარამდე და უფრო დაბალ ნიშნულამდე დაეცა, მეორე კვარტალში 82 დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით 1.5-ჯერ მეტია. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკამ აპრილიდან ივნისამდე ექსპორტის სახით დამატებით 30 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა ხაზინაში ივლისში 934 მლრდ რუბლს (11 მლრდ დოლარამდე) მიაღწია, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდული მაქსიმუმია. ეს 2025 წლის ივლისის დონესთან შედარებით 18%-ით, ხოლო ბიუჯეტში ზამთარში შესულ ნავთობგაზის შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია.

Fox-ის წყარო ამბობს, რომ ნავთობზე მაღალი ფასები კრემლს ბიუჯეტის დიდი დეფიციტის შემცირებაში და იმ მომენტის გადადებაში დაეხმარა, რომელიც ეკონომიკური სირთულეების გამო პუტინს ომთან დაკავშირებით რთული არჩევანის გაკეთებას აიძულებდა.

„ეს რუსეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრობლემებს არ წყვეტს, მაგრამ ამ მომენტში ბიუჯეტის თვალსაზრისით პუტინი ზეწოლის ქვეშ არ არის,“ – დასძენს დაზვერვის წყარო.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივლისის პერიოდში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 6.5 ტრლნ რუბლს (76.5 მლრდ დოლარს) მიაღწია, რაც მთელი წლით დაგეგმილ ოდენობაზე 70%-ით მეტია. ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე დეფიციტმა შესაძლოა, 8 ტრლნ რუბლს (94 მლრდ დოლარს) გადააჭარბოს.

რუსეთში ეკონომიკური ზრდა, პრაქტიკულად, შეჩერებულია: მაშინ, როცა 2023-2024 წლებში მშპ ყოველწლიურად 4%-ზე მეტად იზრდებოდა, გასულ წელს ის 1%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარეთ მრეწველობა რეცესიაში არის ჩაფლული და მისი მოცულობა, 2024 წლის დონესთან შედარებით, თითქმის 5%-ით ნაკლებია.

Peterson Institute for International Economics-ის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკური სიტუაცია, განსაკუთრებით, ნავთობის მაღალი ფასების გათვალისწინებით, პუტინს ომის შეჩერებას აიძულებს.

„სიტუაცია გაცილებით უარესი უნდა გახდეს. მაგალითად, ნავთობის ფასები ერთი წელი, ბარელზე, დაახლოებით, 35-40 დოლარი უნდა იყოს. თუმცა აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის გათვალისწინებით ეს ნაკლებად სავარაუდოა,” – წერს ინსტიტუტი.

აშშ-ის ოფიციალური პირები ევროპული დაზვერვის შეფასებებს ეთანხმებიან, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფანჯარა, სავარაუდოდ, 2027 წლის შემოდგომამდე არ გაიხსნება. The New York Times-ის ცნობით, ისინი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას, ზამთარში რუსეთის ახალ შეტევასა და უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ახალ კამპანიას მოელიან, რაც ომს კიდევ უფრო დამანგრეველს გახდის. ამასთან, Times-ის წყაროები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ პუტინი ახალ მობილიზაციას გამოაცხადებს ან NATO-სთან დაძაბულობის ესკალაციაზე წავა

იტვირთბა....