რუსეთი სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე არაოფიციალურ შეზღუდვებს აწესებს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიზანული მოძრაობა „ატეში“ ავრცელებს.
“სამობილიზაციო ასაკის მამაკაცები დამატებით შემოწმებას გადიან, რის გამოც ისინი საკუთარ რეისებზე აგვიანებენ – მაშინაც კი, როდესაც მათი საბუთები წესრიგშია და მათზე მგზავრობის არანაირი ოფიციალური შეზღუდვა არ ვრცელდება. პირს აყოვნებენ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების საბაბით. მას შემდეგ, რაც ჩასხდომა სრულდება, მათ უბრუნებენ პასპორტს და სახლში უშვებენ ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის ან ახსნა-განმარტების გარეშე“ – ნათქვამია განცხადებაში.
“ატეშის“ ცნობით, ეს ზომები მიიღება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ ამტკიცებს, თითქოს მობილიზაცია არ იგეგმება. მოძრაობა აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებმა მიიღეს არაფორმალური მითითება, ხელი შეუშალონ მგზავრთა მხოლოდ გარკვეული პროცენტის გამგზავრებას, ნაცვლად იმისა, რომ ყველა მათგანი დამატებით შეამოწმონ. ეს, სავარაუდოდ, საზოგადოებაში პანიკის თავიდან აცილებას ემსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს მგზავრების გამოკითხვას მათი მგზავრობის მიზნის შესახებ, პირადი ნივთების დათვალიერებას ან ბილეთებისა და დოკუმენტების განმეორებით გადამოწმებას

