ახალი ამბები სამართალი

“ფონიჭალის ტრაგედია”: დაკავებულმა დედა-შვილის მკვლელობა აღიარა

22 თებერვალს, ფონიჭალაში ნონა რამინაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ირგვლივ არსებულ ვერსიებსა და ეჭვმიტანილ პირთა წრის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.ყაჩაღობის მცდელობა და შურისძიება – ეს არის ის ორი მთავარი ვერსია, რა მიმართულებითაც გამოძიება მუშაობს, თუმცა გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა დააკავეს პიროვნება, რომლის აღიარებითი ჩვენება ორივე ამ ვერსიას გამორიცხავს. სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი პოლიციამ ქუჩაში საეჭვოდ მიიჩნია და განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც მან აღიარა, რომ 22 თებერვალს ოთარ მამფორიას ოჯახში შეიჭრა და მისი ცოლ-შვილი ამოხოცა. შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მამაკაცი ფსიქიკურად შეურაცხადია. გარდა ამისა, მისი დნმ მკვლელობის ადგილიდან აღებულ ნიმუშებს არ დაემთხვა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, აღიარებაც მის ფსიქიკურ ფანტაზიებს უკავშირდებოდეს.ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ, მაღალი ალბათობით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის ინფორმაცია გამოძიებისთვის არასანდოა, ვინაიდან იმ მომენტში შესაძლოა, ის ვერ აცნობიერებდეს ვერც გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებს და ვერც იმ დანაშაულის სიმძიმეს, რაზეც მას კითხვებს დაუსვამდნენ.
ამ პიროვნების დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილია გარდაცვლილი ნონა რამინაძის ახლობლებისთვისაც. მათი ინფორმაციით, ამჟამად „დაკავებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება“. ამ ეტაპზე, ზემოხსენებულ დანაშაულში მისი მონაწილეობა არ დასტურდება.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც გამოძიების შესწავლის საგანია ფონიჭალაში, მამფორიების მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს უკავშირდება. ამ ვერსიას თუ გავყვებით, მაშინ კითხვა: როგორ მოახერხა მკვლელმა სისხლიანი ტანსაცმლით ბინის დატოვება? – აღარ ჩნდება, ვინაიდან მას მამფორიების ბინაში გამოსაცვლელად თავისივე ტანსაცმელი ეგულებოდა. ამ ვერსიას საკმაოდ საფუძვლიანად მიიჩნევს ნონა რამინაძის დეიდაშვილიც, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებულმა ქალბატონმა მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.
“პრაიმტაიმი”

იტვირთბა....